დღეს ოფიციალურად წარედგინა ბრალი საქართველოს ყოფილ პრემიერ-მინისტრს, ირაკლი ღარიბაშვილს.
პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი, თვლის, რომ პროკურატურის განცხადება ძალიან ცინიკურია იმ ფონზე, როდესაც ანალოგიურ საქმესთან დაკავშირებით ნებისმიერ სხვა პირს უსჯიან პატიმრობას.
“ავიღოთ იგივე ბაჩიაშვილი, რა ზეწოლა უნდა მოეხდინა მას მოწმეებზე? ღარიბაშვილს კიდევ, რომელსაც მოწმეებზე ზეწოლის მოხდენის ყველაზე დიდი რესურსი აქვს, გირაოთი გარეთ ტოვებენ. გასაგებია და ეს კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს იმას, რომ ჩვენ მართლმსაჯულებასთან კი არ გვაქვს საქმე, არამედ კრიმინალურ შიდა გარჩევასთან. ის იმიტომ კი არ დატოვეს გარეთ, რომ თითქოს თავისიანი არ გაწირეს, დაინდეს და ა.შ. ეს სენტიმენტები მათ არ აწუხებთ.
ღარიბაშვილი იმიტომ დატოვეს გარეთ, რომ ამუშაონ – ერთია, რაც ლეგალურად ამოიღეს, მეორე, კიდევ რას სთხოვენ, ფული ხომ უნდა შეაგროვოს? რომ დაიჭირონ, ციხეში ხომ ვერ შეაგროვებს ფულს ღარიბაშვილი? ეტყობა, რაღაც რიცხვი მისცეს და ახლა უნდა შეაგროვოს, ან კიდევ, სხვა ფიგურანტებისგან აკრიფოს, ანუ სამუშაოდ დატოვეს გარეთ. ახლა პროცესი მიმდინარეობს, თუ მოილაპარაკებენ და დაკმაყოფილდებიან, მას გარეთ დატოვებენ და გააქრობენ, ვერ მოილაპარაკებენ და, დაიჭერენ, გააჩნია, როგორ მოიქცევა. მე არ ვიცი, რამდენს სთხოვენ სინამდვილეში და შეაგროვებს იმდენს?
ესენი წრეს ავიწროებენ, დააკავეს როგორც ღარიბაშვილის, ისე ლილუაშვილის ირგვლივ მყოფები, ითხოვენ რაღაცას… კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ეს არ არის სამართლის აღსრულება, ეს არის მაფიოზური შეტევა, რომლის მიზანი ვინმეს დაჭერა კი არ არის, არამედ კონკრეტული ბანალური შემოსავლის მიღება სალაროში, არა – ბიუჯეტში. ეს არის ამათი ამოცანა და თუ ამ ხალხმა მოიტანა, შეიძლება დარჩნენ თავისუფლებაზე, თუ არ მოიტანეს, შეიძლება დაიჭირონ. ფაქტია, დამოკლეს მახვილი დაკიდებულია, ეს არის ჩვეულებრივი მაფიოზური გარჩევა და მეტი არაფერი” – ამბობს ხუხაშვილი. განაგრძეთ კითხვა>>>
