გაირკვა ახალგაზრდა კაცის ვინაობა, რომელიც საავტომობილო გზასთან გარდაცვლილი იპოვეს – ოჯახმა ჯერ მისი მანქანა აღმოაჩინა…

გურჯაანი-ბაკურციხის შემოვლით გზაზე გარდაცვლილი ახალგაზრდის ვინაობა ცნობილია

ის გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ კარდენახის მკვიდრი, 32 წლის ვალერი მათიაშვილია.

ადგილობრივების ინფორმაციით, მამაკაცი წლებია სოფელში სამეურნეო საქმიანობით იყო დაკავებული.

მათიაშვილი სახლიდან გუშინ, სავარაუდოდ, სავარჯიშოდ გავიდა და აღარ დაბრუნდა.

ოჯახმა მისი კუთვნილი ავტომობილი შემოვლით გზაზე იპოვა, ხოლო მოგვიანებით, მისივე ცხედარიც აღმოაჩინეს.

არსებული ინფორმაციით, მამაკაცს ავტომობილი დაეჯახა და მძღოლი შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

წყარო: მთავარი ამბები კახეთიდან